გაელვება

წლის დასაწყისში ,წლის გეგმებს არასდროს ვისახავ ხოლმე.არასდროს ვისახავდი -უფრო სწორად. სულ მეგონა და ახლაც თითქმის იგივე აზრზე ვარ ,რომ წინასწარ რაღაცების დაგეგმას აზრი არ აქვს,ცხოვრებას რა გეგმა აქვს ჩვენთვის მომზადებული ,არასდროს ვიცით და სჯობს ,სასიამოვნოდ გაოცებულები დაგვტოვოს,ვიდრე იმედგაცრუებულები.

მიუხედავად ამ ყველაფრისა,წელს მაინც,თავისდაუნებურად,გეგმები ‘შემომესახა’ ,ან უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი,რომ სურვილები გამიჩნდა,რომელთა შესრულებაც ამ წლის განმავლობაში მინდა.

ერთ-ერთი ამ სურვილებთაგანი აქ დაბრუნებაა.წერა არასდროს შემიწყვეტავს და ვერც ვერასდროს შევწყვეტ ,ალბათ ,რადგან, ყველა კრიზისულ სიტუაციას ცხოვრებაში, წერით ვუმკლავდები . ჩემი დღიურების დამსახურებაა ,გულწრფელად,აქამდე ,ემოციებმა და ფიქრებმა ,რომ ვერ ამაფეთქეს და სრულ ჭკუაზე ვარ .აქაურობას ვგულხმობ,ამ ბლოგს ,რომელზე წერაც ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა იყო წლების განმავლობაში.

ცხოვრებაში ბევრ რამეს ვნანობ და მათ შორის არის ის დღე,როდესაც აქ დაწერილი,წლების განმავლობაში ნაგროვები ჩემი ემოციები,ფიქრები,ყველაფერი რისი გაფიქრება და შემდეგ თქმაც გავბედე,ერთი ხელის მოსმით რომ წავშალე. უნდა შემენახა,ზოგადად, ადამიანმა ყველაფერი უნდა შეინახო,განსაკუთრებით ისეთი რამეები ,რაც შენს იდენტობას ისე ძალიან გამოხატავს.,როგორც ეს ბლოგი მე გამომხატავდა თავის დროზე. რამდენიმე დღის წინ თავი შევიქე,თინეიჯერობაში ბლოგერი ვიყავი და ჩემს ბლოგს საკმაოდ ბევრი ადამიანი კითხულობდა-თქო .

მერე უცებ მივხვდი ,რომ მსგავსი სინანულებისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და უბრალოდ, უნდა ავდგე და წერა გავაგრძელო, ჩემთვის,თქვენთვის,ყველასთვის ვისაც აინტერესებს ჩემს გონებაში რა ხდება ხოლმე. ( ეგ დამიჯერეთ ,ჩემზე ძალიან არავის აინტერესებს )

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,ძალიან ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში.ბევრი ისეთი დღეები მქონდა,რომლებიც არასდროს მინდა დამავიწყდეს და ისეთიც,რომლებსაც დიდი სიამოვნებით დავივიწყებდი.

წლევანდელი წელი ცუდად დაიწყო,თუ მე დავიწყე არ ვიცი,მაგრამ მინდა მჯეროდეს,რომ წლევანდელი წლის ყველა ცუდი დღე ,წინასწარ მოვილიე და დარჩენილი დღეები ,ისეთი სიმშვიდით სავსე მექნება,როგორიც მიყვარს .

დაძინებამდე მომდის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი აზრები და ფიქრები .სულ მგონია, რომ დილითაც მემახსოვრება და სულ იმედგაცრუებული ვრჩები,იქნებ წელს ეგეც გამოვასწორო და იმ ფიქრების უცებ ჩაწერა ვისწავლო,რომლებიც გასაფრენად ყოველთვის მენანებიან.

ხო,

კიდევ ,წელს მინდა რომ ნაკლებად ემოციური ვიყო,უფო კონკრეტულად,საკუთარ თავს დავპირდი,რომ სიმშვიდის შენარჩუნებას ვისწავლი, მშვიდად შევხვდები ნებისმიერ რამეს, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში.

ეს სურვილია თუ ოცნება , არ ვიცი , წლის ბოლოს გამოჩნდება.

მაგრამ

იქნებ, მე – მე აღარ ვიყო თუ ესეთი ემოციური აღარ ვიქნები,როგორიც 26 წელია ვარ ? იქნებ ეს არის ის,რაც ჩემს პიროვნებას ხაზს უსვამს და ამის გარეშე სრულ სიცარიელეში მოვხვდე? იქნებ, ჩემი ძვირფასი ადამიანებისთვის ამ ჩემი ემოციურობის გარეშე უცნობი გავხდე? იქნებ, ახლა ფიქრობენ,რომ ურიგო არ იქნებოდა, ნაკლებად ემოციური რომ ვიყო,მაგრამ ემოციების გარეშე დარჩენილი მარიკა ვეღარ იცნონ?

ან სხვებს ვინ ჩივის( წლევანდელი წლის მთავარი გაკვეთილი:ეგოისტობა, ხანდახან ცუდი თვისება კი არა ,საკუთარი თავის გადარჩენის ერთადერთი გზაა ), მე თუ მომეწონება ჩემი თავი ასეთი? მე თუ შევძლებ უემოციო მარიკასთან ერთად ცხოვრებას?

რაც თავი მახსოვს საკუთარ თავთან და სამყაროსთან კონფლიქტი მაქვს და უკვე იმედი გადამეწურა ,რომ ეს ამბები ოდესმე დამილაგდება,მაგრამ,ალბათ ცხოვრება და ადამიანობაც ეს არის :კითხვები საკუთარ თავთან და სამყაროსთან,პასუხების პოვნისკენ გვიბიძგებს,ეს მოძრაობა კი განვითარებაა,რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება .

ძალიან მომნატრებია საკუთარ თავთან გატარებული,გათიშულ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე წუთი,რომელსაც აქ ,წერის დროს ვატარებდი სულ. რაღაც ბარიერი იქმნება ჩემსა და გარე სამყაროს შორის და მხოლოდ საკუთარი ფიქრების და კლავიატურაზე ბეჭდვის ხმა, რომ მესმის.

ახალ წელს გილოცავთ და ყველაზე მთავარს გისურვებთ ,სიმშვიდეს და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას.

ჩვეულებრივი დღეები

ყველა დილა ერთნაირად იწყება: იღვიძებ თვალების ფშვნეტით ,რამდენიმე წუთი გჭირდება გონზე მოსასვლელად,ჭერს უყურებ და იხსენებ ვინ ხარ,სად ხარ ,რატომ ხარ და შემდეგ ბარბაცით სამზარეულოსკენ მიდიხარ,რომ ერთი ფინჯანი ყავა საბოლოოდ დაგეხმაროს გონზე მოსვლაში.

ყველა დილა ერთნაირად იწყება:ზოგი ადრე,ზოგი გვიან,ზოგი ისე გვიან ,რომ დილასაც ვეღარ უწოდებ სინდისი თუ გაგაჩნია ადამიანს…

ყველა გათენება ერთნაირია,მცირედი განსხვავებებით.მაგალითად, ერთ დილას შეიძლება წვიმის ხმამ გაგაღვიძოს,მეორე დილას ოთახში შემოჭრილმა მზის სხივმა…მაგრამ მაინც ,ყველა დღე ერთნაირად იწყება ხოლმე.

ერთნაირია იმით,რომ არასდროს იცი,როგორ დასრულდება.შეიძლება გქონდეს დღე დაგეგმილი,გრაფიკი გაწერილი და თითქოს გეგონოს,რომ მთლიანი დღის თითოეული წამი გაქვს დაგეგმილი,მაგრამ რეალურად,არასდროს იცი,ჩვეულებრივად დაწყებული დღე როგორ დასრულდება.

ამით არის ცხოვრება საინტერესო და ამით არის ძალიან საშიშიც.

წინასწარ არასდროს იცი,რომ წინ დიდი ბედნიერება ან უბედურება გელოდება.

დილა თენდება ჩვეულებრივად,თვალებს იფშვნეტ,ლოგინში ტრიალებ, თუ ამის დრო გაქვს,რა თქმა უნდა და სამზარეულოსკენ მიდიხარ ყავის დასალევად.

ასეთი დილა მიახლოვდება ნელ-ნელა.ერთი წლის წინ ასე უბრალოდ,ჩვეულებრივად გავიღვიძე და ბარბაცით წავედი სამზარეულოსკენ .ერთი ჩვეულებრივი სამუშაო ,დატვირთული,მოსაწყენი და დამღლელი დღის როგორღაც დაღამებას ვგეგმავდი და არ ვიცოდი,რომ ამ დღეს სხვა გეგმები ჰქონდა ჩემთვის.

რომ მცოდნოდა რა მელოდა,ალბათ თვალების გახელასაც არ დაველოდებოდი ,ისე წამოვფრინდებოდი ლოგინიდან და არც ყავის დალევა დამჭირდებოდა გონზე მოსასვლელად.

ის მარიკა მიდგას თვალწინ ახლა ,უჟმური სახით რომ ემზადებოდა სახლიდან გასასვლელად და რომ შეძლებოდა, სახლში დიდი სიამოვნებით დარჩებდა იმ დღეს .თვალწინ მიდგას და მეცინება მასზე,მის მაგივრად ვარ ბედნიერი,რადგან მაშინ არ იცოდა,რომ იმ საღამოს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლებოდა და ერთ დიდ ზღაპრად იქცეოდა.

ცხოვრება რთულია და ხშირად ცუდიც არის ხოლმე.ცუდი კი არა,ხან აუტანელი ხდება და გინდება ,სადმე წამოწვე და უბრალოდ დანებდე.

რომ გაუძლო და არ გაგიჟდე,ესეთი კარგი დღეები უნდა შეაგროვო და ყოველთვის,როცა რთული დილა გათენდება უნდა გაიხსენო,რომ ბედნიერი, მოულოდნელობებით სავსე დღეებიც თენდება ხშირად, და სწორედ ამისთვის ღირს ცხოვრება .

ამ დღეებისთვის ცხოვრება კი არა,ყველა და ყველაფერი ღირს .

ყოველი დილის გათენება ღირს,რადგან არასდროს იცი,ჩვეულებრივად დამდგარი დღე საბოლოოდ როგორ დასრულდება….

მარიკას…

რამდენიმე წლის წინ ,საკუთარ თავს პოსტი დავუწერე და როცა რამე მიჭირს ხოლმე, ვჯდები და ვკითხულობ,თერაპიასავითაა ჩემთვის. იმ მარიკასი ძალიან მადლობელი ვარ ,წერა რომ გადაწყვიტა ოდესღაც .გადაწყვიტა და დაიწყო კიდეც .

დღეს დიდი ხნის წინ გვერდზე გადადებული სურათები და ვიდეოები ვნახე, კარგად ვაკვირდებოდი ჩემ თავს ,ვეღარ ვიცანი,უცხო გოგოს ფოტოებს ვუყურებდი და ვცდილობდი გამეხსენებინა,იმ პერიოდში რა ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში ,მაშინ რას ვგრძნობდი,რას ვფიქრობდი, რას განვიცდიდი .

გამახსენდა, რომ ადრე ძალიან ბევრს ვცეკვავდი,ვმღეროდი და ვიცინოდი.ხო,კიდევ წითელ პომადას ვიყენებდი ხშირად ,ისეთ კვაშკვაშას როგორიც მაშინ ვიყავი .

ბოლო დროს დავდივარ და სულ ჩემს თავთან მაქვს დიალოგი .წლის შეჯამება დაიწყო უკვე,პოსტები და ვიდეოები მხვდება, როგორ აჯამებენ 2022 წელს ადამიანები .

მე ყველაზე ბედნიერი და თან, ყველაზე რთული წელი მქონდა.საკუთარ თავთან ჭიდაობაში გავატარე ეს წელი,საკუთარ თავთან ბრძოლაში,გავიმარჯვე თუ არა, ჯერ არ ვიცი,მაგრამ ვიცი, რომ ვცდილობ და მგონია, რომ ესაა ყველაზე მთავარი .

თუმცა, ჯერ მაინც ძალიან ადრე მგონია წლის შეჯამება,წინ ერთი თვეა და ცხოვრება შეიძლება ერთ თვეში კი არა, ერთ საათში შეიცვალოს.შარშან, ახალ წლამდე 4 დღით ადრე ამომიყირავდა მთელი ცხოვრება ,წელი უკვე გასული და დაგვირგვინებული რომ მეგონა,ზუსტად მაშინ.

ჩემი შეყვარებული ამბობს ,რომ ცხოვრება არ მარტივდება,პირიქით ,რაც უფრო ვიზრდებით უფრო და უფრო რთული ხდებაო. არ ვიცი, სინამდვილეში როგორ ხდება . მხოლოდ ის ვიცი, რომ წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი კითხვა მიგროვდება სამყაროსთან ,ადამიანებთან,ღმერთთან და საკუთარ თავთან .

ერთი ის ვიცი,რომ უნდა ისუნთქო,მარიკა.

ღრმად უნდა ისუნთქო .

ისუნთქე და არ შეგეშინდეს.

მთავარი ესაა.

ყოველთვის, როცა რამე გექნება მოსათმენი,უბრალოდ ეცადე ისუნთქო და არ შეგეშინდეს.

მოსათმენი ბევრია ხოლმე. ცუდ ამბებზე არ ვსაუბრობ,შენც ხომ იცი.

შენც ხომ მიხვდი ,რომ ბედნიერებასაც უნდა მოთმენა,სიხარულსაც უნდა მოთმენა,ატანა.

მთავარია ისუნთქო,ისუნთქე და არ შეგეშინდეს.

როცა ტირილი მოგინდება ,იტირე,მაგრამ სუნთქვა არ დაგავიწყდეს.

როცა მიხვდები ,რომ აღარ შეგიძლია,დანებდი,ცოტახნით დანებდი,გაქვს ამის უფლება და ამის გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნო,მაგრამ სუნთქვა არ დაგავიწყდეს.

იცოდე, ყველაფერი გაივლის,მთავარია არ შეგეშინდეს.

ყველა რთულ პერიოდს მოსდევს ყველაზე ბედნიერი და ნათელი დღეები,ესეც გაიხსენე ხოლმე .

უბრალოდ ,ღრმად ისუნთქე და არ შეგეშინდეს….

“წვიმა”

გუშინ წავიკითხე,სადღაც შემხვდა,იქნებ, წვიმასაც არ უნდა რომ ცუდი ამინდი ერქვასო და რაღაცნაირად,სევდიანად ,თავისქნევით გამეღიმა.

ზოგადად,შემოდგომა სულის სეზონია.ბევრი უნდა იკითხო,ბევრი ისეირნო,ბევრი იფიქრო და ბევრი უნდა იოცნებო.ბევრი დადებითი და შემოდგომისფერი ფოთლებივით ჭრელი ემოციები უნდა მოიმარაგო,რომ დანარჩენ სეზონებს გაუძლო,შემდეგ შემოდგომამდე მიაღწიო.

წვიმიანი ამინდები რომ არ უყვართ, იმ ადამიანებს არ ვენდობი,ძალიან ზედაპირული და უემოციოები არიან ჩემს თვალში.ბევრს ვიცნობ ასეთს:შემოდგომა რომ არ უყვართ,წვიმა რომ ღლით და ყველაფრის კეთების სურვილს რომ აკარგინებთ.

რანაირად შეიძლება წვიმა არ გიყვარდეს? ან შემოდგომა არ გამშვიდებდეს? შემოდგომის წვიმიან ამინდში პლედის შემოხვევა,ცხელი ჩაის დალევა და რამე გემრიელი წიგნის წაკითხვა ან რომელიმე საიტერესო ფილმის ყურება როგორ არ უნდა მოგინდეს?

ან, თუნდაც ,უბრალოდ ,ქურთუკზე გრძელი, თბილი შარფის შემოხვევა ,გარეთ სეირნობა და ფეხებით ჭრელი ფოთლების აქეთ-იქით გადაყრა როგორ არ უნდა მოგინდეს?

გაუგებარია ჩემთვის ,მაგრამ ძალიან ბევრს ადამიანს არ უყვარს. ბევრი ადამიანისთვის წვიმა ცუდი ამინდია.ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საყვრელი სეზონი, ბევრს აღიზიანებს და არ უყვარს.

ადამიანებიც ასე ვართ. არ გვინდა ხოლმე ცუდი ამინდი გვერქვას, მაგრამ ვიღაცების ცხოვრებაში,რაღაც ეტაპზე,მაინც ცუდები ვართ.

ცხოვრება ასეთია. თუ ზრდასრული ხარ ,ეს უნდა გესმოდეს და ამას ღირსეულად უნდა შეხვდე.

ზოგადად,ადამიანი მხოლოდ ღირსებაა,მე თუ მკითხავთ.თუ ღირსება არ გაგაჩნია,ჩათვალე,არავინ ხარ და ვერც ვერასდროს იქნები ვინმე.

მეც,ვიღაცის ცხოვრებაში ცუდი ამინდი ვარ,ვიღაცისთვის მთელი ცხოვრების აზრი.

ჩემთვის ცუდი ადამიანები,სხვა ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან .

მარტივი მათემატიკაა,იმდენად მარტივი ,რომ ტექნიკურ საგნებში ჩემნაირი სულელი ადამიანისთვისაც კი გასაგებია.

მედალს რომ ორი მხარე აქვს, ეს ალბათ ყველამ ვიცით.

გაფუჭებული საათიც კი ,რომ სწორია დღეში ორჯერ, ალბათ ესეც გაგონილი გექნებათ.

ბოლო დროს, ბევრს ვკითხულობ,ემოციურად რომ არ დავზიანდე, ამისთვის ხანდახან ოთახში ჩაკეტვა და ერთი დიდი ,გემრიელი წიგნის წაკითხვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ბევრს ვწერ,ოღონდ აქ ვერ/არ… ცალკე,ჩემთვის,დღიურებში. ამ ეტაპზე, საკუთარ თავთან გულწრფელი საუბრები უფრო მჭირდება, ვიდრე ჩემი ყველა ემოციის და ფიქრის სააშკარაოზე გამოტანა.

ოდესმე ,წიგნსაც დავწერ, ყველაზე,ყველაფერზე და პირველ რიგში, საკუთარ თავზე, ამას აუცილებლად გავაკეთებ .

მანამდე კი ,მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ადამიანების ცუდი დამოკიდებულება, ჩემი საყვარელი წვიმისადმი, არც მე მაზიანებს და არც წვიმას.

იმის ძახილი, რომ წვიმა ცუდი ამინდია ,არც ჩემს მისდამი სიყვარულს აკლებს რამეს და არც წვიმის მოსვლის სიხშირე და ხანგრძლივობა მცირდება. უბრალოდ, მოდის და მორჩა.სწორედ ამიტომ,წვიმის დაკნინებას,საკუთარი ამინდის ძებნა ჯობს.

თუ, საკუთარ ამინდს მიაგნებთ,ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება თქვენთვის.

რაღაცები უბრალოდ ხდება და მორჩა.

ცხოვრება თავისით მიდის და ვერც ამას მოვუხერხებთ რამეს.

წვიმა -უბრალოდ მოდის და მორჩა.

სიმშვიდეს გისურვებთ.

წვიმას რომ მოაქვს -ისეთს.

მუდამ თქვენი მარიმგა.